ლია გიგაურმა სამუშაო შეხვედრა რაჭაში გამართა
09.11.2015
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სისტემატიურად ატარებს საქართველოში არსებული სკოლების დირექტორებთან და მასწავლებლებთან შეხვედრებს. ამ მიზნით მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის საჯარო სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ქ. ონის საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე ლია გიგაურმა მოკლედ ისაუბრა განათლების სისტემაში არსებულ სიახლეებზე და ძირითადი დრო იმ თემებს დაუთმო, რასთან დაკავშირებითაც მასწავლებლებს შეკითხვები გააჩნდათ. ყველაზე მეტი  შეკითხვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემასთან დაკავშირებით დაისვა, რაზეც მინისტრის მოადგილემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

შეხვედრის დაწყებამდე ლია გიგაურმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის მეთეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა, პირველი დიდი წარმატება მიულოცა და მომავალი გამარჯვებები უსურვა.