განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 161- ე საჯარო სკოლაში მათემატიკასა და უცხოურ ენებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური გახსნა და მის მიმდინარეობას დააკვირდა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებსა და ფიზიკაში 13 და 14 მარტს თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 3467 მოსწავლე მიიღებს.
მეორე ტურში გასულთა რაოდენობა ამ საგნების მიხედვით შემდეგია:
ქართული ენა და ლიტერატურა 410
ქართული ენა და ლიტერატურა (არაქართულენოვანი) 382
მათემატიკა 947
ინგლისური ენა 470
გერმანული ენა 345
რუსული ენა 416
ფრანგული ენა 270
ფიზიკა 227
დანარჩენ საგნებში ოლიმპიადის მეორე ტური 27 და 28 მარტს ჩატარდება. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობას სულ 5696 მოსწავლე მიიღებს. უცხოური ენის ოლიმპიადის მეორე ტურში 2 უსინათლო მოსწავლე მონაწილეობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხოური ენები, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ინფორმატიკა.
ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება როგორც ქართულ, ასევე სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
წელს გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა 173 657 განაცხადი შევიდა საქართველოს ყველა რაიონის სკოლებიდან.
მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ზოგადი განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კვლავ განხორციელდება როგორც ეროვნული საგნობრივი ოლიმპიადები, ასევე საქართველოს მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ოლიმპიადების წახალისების მიზნით, იგეგმება საერთაშორისო ოლიმპიადების საქართველოში ჩატარება.