მომავალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ”კერძო სკოლათა ასოციაცია” ახალ პროექტს იწყებს. ერთობლივ ინიციატივაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში” სტუმრობისას განაცხადა.
სამინისტროს მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოში მოქმედი კერძო სკოლები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნიჭიერ მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემენ უფასოდ ისწავლონ სკოლებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სწავლების მაღალი დონეა. სურვილის შემთხვევაში, კერძო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას ის მოსწავლეებიც, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს. ეს იქნება მათთვის ჯილდო მიღწეული წარმატებებისთვის: ”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სისტემაში წახალისებულნი იყვნენ ნიჭიერი ბავშვები,” - აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.
ახალი პროექტით, კერძო სკოლებში სწავლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არ იქნება პრივილეგია და ხელმისაწვდომი გახდება ნიჭიერი, მოტივირებული მოსწავლეებისთვის.
მოსწავლეთა შერჩევის პრინციპებზე და მისაღები კონტიგენტის რაოდენობაზე კერძო სკოლები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავის მხრივ ხელს შეუწყობენ კერძო სკოლების განვითარებას.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლა-ლიცეუმში - „მწიგნობართუხუცესი“ სტუმრობისას სწავლების მეთოდებსა და კერძო სკოლის გამოცდილებას გაეცნო. დაინტერესდა სკოლის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური უზრუნველყოფით.