ქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიმართა
30.11.2015
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში პროფესიული სტუდენტების მიერ შექმნილი „ქართული ეთნოგრაფიული სამოსის“ გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით იმართება და 3 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.

„ქართული ეთნოგრაფიული სამოსის“ გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული სამოსი და შესაბამისი აქსესუარები, რომელიც შექმნილია პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. გამოფენაში მონაწილეობას ცხრა პროფესიული კოლეჯის სტუდენტები იღებენ.

პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, 2014 წელს განხორციელდა ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობა - პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა  ტრენინგები, ეროვნული სამოსის/ აქსესუარების დამზადებისა და საგამოფენო სივრცეში განთავსების საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) მოიწვია  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქ. ბონის ბეთჰოვენის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნე და გიდი,  ნინო მიუთნიხი, რომელმაც უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგების ჩატარება და საგამოფენო სივრცის ორგანიზებაზე ორიენტირებული სემინარების განხორციელება.