თსუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების 70 წლის იუბილე
18.12.2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა თავისი 7 კათედრით, (არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა-არამეისტიკის, ასირიოლოგიის, არმენოლოგიის, აღმოსავლეთის ისტორიის) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსების 70 წლის იუბილე სამეცნიერო კონფერენციითა და აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო შრომების სპეციალური კრებულის პრეზენტაციით აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, თსუ აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1945 წელს აკად. გ. წერეთლის ინიციატივით თსუ-ში დაარსდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი გახდა მსოფლიოში აღიარებული ქართული ორიენტალისტური სამეცნიერო სკოლის ცენტრი. დღეს მისი მემკვიდრეა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც წარმატებით იკვლევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენებს, ისტორიას, რელიგიებს, ისლამურ კულტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, სამართალსა და მის ინსტიტუტებს, შუა საუკუნეების მუსიკას, ქართულ-აღმოსავლურ მრავალსაუკუნოვან ისტორიულ, ენობრივ, ლიტერატურულ და კულტურულ ურთიერთობებს, აღმოსავლეთის თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვ. რეალიებს.