16 მარტს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქ. ახალციხეს ეწვია და მე-5 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა. მინისტრი შეხვედრაზე ქალაქის მასწავლებლებს, დირექტორებსა და მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და ამ რეფორმების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ სასწავლო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც სასწავლო დისციპლინებს ახალი საგანები - სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მსოფლიო კულტურის ისტორია დაემატება. გარდა ამისა, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით, ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლდება, რაც ჯანსაღი და ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სპორტის გაკვეთილების ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, ახალციხის საჯარო სკოლებში კეთილმოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც მინისტრის განცხადებით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იქნება.
შეხვედრაზე მინისტრმა პედაგოგთა და მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. კითხვების ძირითადი ნაწილი პედაგოგთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას, 2011 წელს გამოსაშვებ და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების პროცედურებს ეხებოდა.