საქართველოს შემსწავლელი პოსტ-სადოქტორო პროგრამა ოქსფორდში
24.01.2016
ლონდონში სამუშაო ვიზის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის დეტალებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. საუბარია საქართველოს შემსწავლელ პოსტ-სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც გაუმარტივებს საქართველოს კვლევების მიმართულებით მომუშავე ქართველ დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს კვლევით ვიზიტებს ოქსფორდის უნივერსიტეტში.

ზემოაღნიშნული პროექტი სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ხორციელდება. პროგრამა უკვე გამოქვეყნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე. მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ქართველოლოგიური მეცნიერებების ე.წ ,,Georgian Studies’’ განვითარებას  მხარს  დაუჭერს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მის საზღვრებს გარეთაც. რისთვისაც 2015 წელს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში  შესაბამისი სპეციალური პროგრამა დამტციკდა.

ოქსფორდში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე, მომავალ თანამშრომლობას საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან, ქართული ხელნაწერების საარქივო ფონდების დიგიტალიზაციის პერსპექტივებს, ერთობლივი გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზებას.