საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მირზა (პაპუნა) დავითაიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერეს ბრძანებას, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და წარდგენას ითვალისწინებს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შეიქმნება ერთიანი სასწავლო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოში მოქმედ სკოლებთან. ამასთან, სამინისტრო გამოყოფს თანხებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ჰქონდეთ სასწავლო წიგნები, რათა საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ადვილად მოხდეს ქართულ საგაგანმანათლებლო სივრცეში მათი ინტეგრირება.
როგორც მინისტრებმა განაცხადეს, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავება აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა უცხოეთში საკუთარი ენა და თვითმყოფადობა შეინარჩუნონ.