„მასწავლებლის საქმიანობის
დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ მასწავლებლის
შეფასების კომპლექსურ სისტემას ეფუძნება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრებისთვის საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
საქართველოს მასშტაბით ტრენინგები დაიწყო. დღეს, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის 82-ე საჯარო სკოლაში ტრენინგის
მიმდინარეობას გაეცნო და ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს გაესაუბრა.
ტრენინგის სამიზნე
აუდიტორია სკოლის შეფასების ჯგუფის წევრი
დირექტორები, მოადგილეები, ფასილიტატორები და კათედრის წარმომადგენლები არიან.
ტრენინგის შედეგად ისინი:
- გაიაზრებენ სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის
ფუნქცია-მოვალეობებს მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასების პროცესში;
- გაეცნობიან მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის
სტრუქტურას, იმ
დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა იყოს ასახული მასწავლებლის პორტფოლიოში
სქემით გათვალისწინებული სავალდებულო და
დამატებითი აქტივობების დასადასტურებლად;
- გაეცნობიან
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასების წესს, პროცედურებსა და
შეფასების კრიტერიუმებს;
- გაიაზრებენ მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსის
გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში და გაეცნობიან იმ რესურსის ტიპებს,
რომლებიც შეფასდება სქემის ფარგლებში;
- გაეცნობიან და პრაქტიკულად გამოიყენებენ სასწავლო
რესურსის შეფასების რუბრიკას;
- შეძლებენ შეაფასონ მასწავლებლის პროფესიული
საქაღალდე.
ტრენინგ-მოდულების
წარმატებით გავლა იქნება წინაპირობა, რომ შეფასების ჯგუფის თითოეული წევრი შეიძენს
მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის ობიექტურად შეფასების შესაბამის კომპეტენციას
და შეძლებს მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის წარმატებით შეფასებას.