საერთაშორისო მართლწერის კონკურსი (NESC - GE)
26.03.2016

ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსისა“ და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი (NESC - GE)  ჩატარდა. დღეს, კონკურსის დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა.
NESC­-GE არის ეროვნული კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის იმართება, რათა საკუთარი თავი გამოსცადონ ინგლისური სიტყვების მართლწერაში. რეგიონულ ტურებში შერჩეულმა მონაწილეებმა იბრძოლეს ეროვნული დამმარცვლელის ტიტულის მოსაპოვებლად. ეს პროექტი ეხმარება ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გაიუმჯობესონ ინგლისური ენის მართლწერის უნარ-ჩვევები, ღირსეულად წარმოადგინონ თავიანთი სკოლა და თემი.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა,  იან კელიმ გახსნა კონკურსი და მიულოცა ფინალისტ მოსწავლეებს: ,,ჩვენ ყველა ვამაყობთ თქვენი მიღწევებით. თქვენი ბეჯითი შრომა, დაჟინება და სულის სიმტკიცე მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს ყველა ჩვენგანს. არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგით დამთავრდება დღევანდელი დღე - იცოდეთ, რომ ჩემთვის ყველა გამარჯვებული ხართ!“

საქართველოს განათლებისა და მაცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეების მუშაობას და აგრეთვე შეაქო ქართველი მოსწავლეები: ,,თქვენი მონდომება, შეისწავლოთ ინგლისური ენა, არის მნიშვნელოვანი  ქვაკუთხედი საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირების პროცესში“.

ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე. ღონისძიება მხატვრულად გააფორმა საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვის ეროვნულმა ფედერაციამ (სემსცეფი). კონკურსი დაგვირგვინდება ოფიციალურ მიღებაზე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 27 მარტს, სადაც ბატონი კელი პრიზებით დააჯილდოვებს პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს.