პროფესიული კოლეჯების მასწავლებლები გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებენ
17.04.2016
პროფესიულ განათლებაში რეფორმის ახალი ეტაპის განხორციელება გულისხმობს კერძო სექტორის ჩართულობას პროფესიულ განათლებაში. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლების მომზადებასა და მათ კვალიფიკაციას. ამ კუთხით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ). ამ ურთიერთობის ფარგლებში  მრავალი ინიციატივა ხორციელდება, რომელიც არა მარტო პროფესიული განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული, არამედ ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წარმატებულ თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლაზე ორიენტირებულ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას და გამოცდილების გაზიარებას. 

პროფესიული განათლების სპეციალისტთა მომზადებას გულისხმობს პროექტი „პროფესიული გადამზადების პროგრამა პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის“, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდა პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგიკის, დიდაქტიკის, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.

პროფესიული განათლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სამი ფაზისაგან, რომელიც მოიცავს შვიდ მოდულს. პროგრამის საწყისი მოდულები განხორციელდება საქართველოში, ხოლო  პროგრამის დანარჩენი საგანმანათლებლო მოდულები განხორციელდება გერმანიაში.

აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება კონკურსში გამარჯვებულ სამივე ქვეყნის მონაწილეებს გაიღრმავონ ცოდნა პროფესიული განათლების თანამედროვე ტენდენციების შესახებ,  გაიზიარონ გერმანული გამოცდილება და გამოიყენონ მიღებული ცოდნა საკუთარი ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის საკეთილდღეოდ.