სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს დამატებითი განაცხადების მიღებას მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების განსახორციელებლად.
თბილისის მასშტაბით არსებულმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებებმა, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ ,,სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში“, მიმდინარე წლის 8 სექტემბრამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები.
მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები უნდა შემუშავდეს შემდეგი პროფესიების შესაბამისად:
• კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი;
• მეფილე-მომპირკეთებელი;
• კალატოზი;
• შემდუღებელი;
• მღებავი;
• სავალი ნაწილის ტექნიკოსი;
• მცირე ბიზნესის მწარმოებელი;
• საინფორმაციო ტექნოლოგიები;
• ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების მემონტაჟე;
• ელექტრიკოსი;
• ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს ინფორმაციას პროგრამის ხანგრძლივობის (დღეებსა და ასტრონომიულ საათებში), პროგრამის ღირებულების (ერთ მოსარგებლეზე გათვლილი ღირებულება, ჯგუფში მოსარგებლეთა როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური რაოდენობის გათვალისწინებით), ასევე პრაქტიკული და თეორიული სწავლების თანაფარდობის შესახებ.
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიწოდების პირობებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ თანდართულ დოკუმენტში - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილება ,,სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ".