სანდრა რულოვსმა 72-ე საჯარო სკოლაში გამოფენა დაათვალიერა
23.03.2010
საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და  საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა თბილისის №72-ე საჯარო სკოლაში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა მონაწილეობით შექმნილი გამოფენა დაათვალიერეს.  ”ჩვენ წარმოვადგენთ მრავალეროვან საქართველოს” კომპოზიციის ფარგლებში, გამოფენილი იყო თითქმის ყველა ეროვნების მოსწავლეთა ნახატები, ნაქსოვები, ნაქარგები, ბიჟუტერია და ა.შ რომელიც  ამა თუ იმ ეროვნების ტრადიციებს გამოხატავდა.

მოწვეული სტუმრებისთვის, მოსწავლეებმა რუსულ, ინგლისურ, ივრითულ, უკრაინულ, ბერძნულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე  არა მხოლოდ ლექსები და მხატვრული ნაწარმოებები წაიკითხეს, არამედ ეროვნული ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

თბილისის 72-ე საჯარო სკოლა, სადაც 739 მოსწავლე სწავლობს მრავალეროვნული საგანმათლებლო დაწესებულებაა. სკოლის პრიორიტეტი სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება, მოქალაქეობრივი შეგნების ჩამოყალიბება და ქვეყნის წარსულისადმი, მისი ისტორიისადმი და კულტურული ტრადიციებისადმი პატივისცემის გრძნობის გაღვივებაა.

ამ მიზნების მიღწევას ემსახურება სკოლაში  სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლება და ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვების” მიერ ორგანიზებული და სკოლაში წარმატებით განხორციელებული ტოლერანტობის პროგრამა.  სკოლა მჭიდროდ თანამშრომლობს  საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან და დიასპორებთან.