ანექსიიდან ოკუპაციამდე-200-წლიანი ბრძოლის ისტორია
23.03.2010
სჯარო სკოლებში ახალი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  პირველმა  მოადგილემ კოკა  სეფერთელაძემ  და  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა  ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს. კონკურსის მიზანია მეცნიერული კვლევისა და ისტორიული წყაროების საფუძველზე შეიქმნას დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეებისთვის  და საკითხით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის თემაზე: „ანექსიიდან ოკუპაციამდე - 200- წლიანი ბრძოლის ისტორია“  (საქართველო - რუსეთი).

თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პირობებში ისტორიის ობიექტურად შეფასებასა და გაანალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მეცნიერულად დასაბუთებულ, ობიექტურ ისტორიას საქართველოს 200-წლიანი ბრძოლის შესახებ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და განვითარებისთვის კარგად უნდა იცნობდეს მომავალი თაობა, რაც  საშუალებას მისცემს მას გაანალიზოს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილებები სამომავლო საზოგადოებრივ და პროფესიულ საქმიანობაში.

პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას: დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეთათვის, დაწერილი პოპულარულ ენაზე, რომელმაც უნდა გააფართოვოს და გაამდიდროს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში აღნიშნულ თემაზე წარმოდგენილი მასალა. გარდა ამისა, შეიქმნება ამავე სახელმძღვანელოს დამატება - ელექტრონული ვერსია, რომელიც გამდიდრებული იქნება სხვადასხვა ვიზუალური, მათ შორის აუდიო/ვიდეო და გრაფიკული მასალებით.

დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენისას, სასურველია მასალა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტთან და სახელმძღვანელოებთან მიმართებაში იქნეს განხილული.

ბრიფინგზე აიღნიშნა, რომ სამინისტროში შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც განიხილავს თითოეული ავტორის/ავტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ პროექტს და მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის დაფინანსების თაობაზე.

გამარჯვებული პროექტის ავტორს/ავტორთა ჯგუფს გადაეცემა დაფინანსება 10 000 ლარის ოდენობით.

საკონკურსო დოკუმენტაცია სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნას 2010 წლის 20 აპრილამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 52.