საგანმანათლებლო ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. ცენტრის მისია მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა და სამუზეუმო აუდიტორიის გაფართოებაა.
წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრში რამდენიმე პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. ცენტრში იფუნქციონირებს საგანმანათლებლო სალონი, ჩატარდება განათლების კვირეულები, გამოფენები და კონკურსები. აღსანიშავია პროგრამა ”ვისწავლოთ მუზეუმში”, რომელიც გულისხმობს სკოლების მიერ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მუზეუმის ტერიტორიაზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიესალმა მსგავს ინიციატივას და აღნიშნა, რომ მუზეუმში ვიზიტი და იქ არსებული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება სწავლის პროცესში ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
მინისტრი მოუწოდებს სხვა მუზეუმებსაც დანერგოს მსგავსი მოდელი, რათა მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახდეს სწავლის პროცესი.