საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თანამედროვე ვიდეოაპარატურის პრეზენტაცია გაიმართა. დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს წარუდგინა აპარატურა, რომელიც უწყების ცხელი ხაზის ოპერატორებთან ვიდეოკავშირს უზრუნველყოფს. აქამდე ეს ურთიერთობა ტელეფონის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამიერიდან კი, სამინისტროში მოსულ მოქალაქეებსა და ცხელი ხაზის ოპერატორებს შორის ვირტუალური კომუნიკაცია დამყარდება. ოპერატორი, რომლის გამოსახულებაც მონიტორის ეკრანზე ჩანს, მოქალაქეს მისთვის საჭირო ინფორმაციას მარტივად და სწრაფად მიაწვდის.
უახლოეს მომავალში დედაქალაქსა და რეგიონებში ვიდეო-ტერმინალები სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე დამონტაჟდება და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა ნებისმიერ კითხვაზე პროფესიონალის კომპეტენტური პასუხი ონლაინ რეჟიმში მიიღოს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს სიახლე კიდევ უფრო გამჭირვალეს გახდის განათლების სისტემის საქმიანობას.