არცერთი ბავშვი სავალდებულო განათლების გარეშე
13.01.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის  „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მიზანია  საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).

  • პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
  • შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ, სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი;
  • ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის;
  • სავალდებულო 9 კლასის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება. 

ღონისძიება გახსნა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.