ქართული წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“ კემბრიჯის უნივერსიტეტმა გამოსცა. წიგნის ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ნევროლოგიური და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძეა, თანაავტორები კი, ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი შვედეთის უნივერსიტეტიდან არნე ლინდგრენი და ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მინესოტას აშშ-ს უნივერსიტეტიდან ადნან ქურეში არიან.
წიგნში ნევროლოგიის აქტუალური პრობლემებია ასახული, რომელთა შესწავლაც ამ დრომდე არ მომხდარა. წიგნის ყველაზე აქტიური მკითხველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან. გამოცემის ინიციატივა კემბრიჯის უნივერსიტეტს ეკუთვნის და მასზე ქართველ ავტორთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სფეროს პროფესორები სამ წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ. წიგნის შეძენა შესაძლებელია როგორც ინტერნეტ სივრცით, ასევე სამედიცინო ლიტერატურის სპეციალიზებულ მაღაზიებში.