მინისტრი ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
30.01.2017

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ფინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან არია მაკონენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა ელჩს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოში არსებული ვითარება და სამომავლო გეგმები გააცნო.

ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარების მხრივ, სამინისტროს ამბიციური გეგმები აქვს და მიზანს, ამ სფეროების ევროპული ქვეყნების საუკეთესო სტანდარტებთან მაქსიმალური მიახლოება წარმოადგენს.

ფინურმა მხარემ ფინური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე ისაუბრა და ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივითაც გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს, ფინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ინფორმაციული შეხვედრისთვის და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების უზრუნველსაყოფად, ფინეთში მიიწვია.