განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 186-ე საჯარო სკოლაში ქიმიის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით წარიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ ტრენინგები ჩაუტარდა და გადამზადდა ქიმიის, ფიზიკისა და მათემატიკის 150 მასწავლებელი როგორც თბილისის, ასევე რეგიონების 50 საპილოტე სკოლიდან. ცენტრის ექსპერტების მიერ გადამზადებული პედაგოგები თავიანთ სკოლებში საგნების სწავლების თანამედროვე მეთოდს გამოიყენებენ, ხოლო შემდგომ საპილოტე სკოლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე, ზოგადი რეკომენდაციები შემუშავდება საჯარო სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დასანერგად.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით იმ სკოლებში, სადაც არ არსებობს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტის ინიციატივის შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მხარდაჭერით, ახალი სასწავლო წლიდან პედაგოგებს საშუალება ეძლევათ გაამდიდრონ და უფრო საინტერესო გახადონ გაკვეთილები ვირტუალური ლაბორატორიების გამოყენებით.
სკოლებში პროგრამის დანერგვა და მისი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოყენება მასწავლებლებს სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების უკეთ მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ხელს შეუწყობს ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნებისათვის საჭირო კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ასევე დაეხმარება მათ ცნებების უკეთ გააზრებაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანი მომავალი თაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაა, რომლებიც მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენებას, ახალი მოთხოვნების შესაბამისად, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.