ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასთან (FabLab Iliauni) ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში, მეიქათონი - „შენი სტარტაპიდეა რეალობაში“ განახორციელა.
18.02.2017

პროექტში მონაწილე გუნდები ერთმანეთს ინოვაციური და უნიკალური იდეების შეზღუდულ დროში შექმნაში შეეჯიბრნენ, შემდეგ კი, ილიაუნის ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტების მენტორობით, იდეის პირველადი პროტოტიპები შექმნეს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებული პროექტი გახდა ხელთათმანი, რომელიც პაციენტს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში ეხმარება. პროექტის ავტორები არიან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ცხოვრებაძე და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტუდენტი დიმიტრი ცხოვრებაძე. გამარჯვებულები ბარსელონაში (ესპანეთი)მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესზე გაემგზავრებიან.