პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველთათვის

ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება?

პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზო (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.

რა ტიპის პროგრამები არსებობს პროფესიული განათლების სისტემაში?

პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

  1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
  2. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
  3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.

ზემოხსენებული ტიპის პროგრამები მოდულურია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლების სივრცეში არსებული პროგრამები არ ისწავლება საგნებით, არამედ მოდულებით. თითოეული მოდული მოიცავს კონკრეტულ კომპეტენციას.

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ზოგადი, არჩევითი და სავალდებულო მოდულებისაგან. პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან,  ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური მიდგომით, რაც იმას  ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და  პროგრამის  პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - კომპანიაში.

 

როდის და როგორ შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება?

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.

პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ მიღება. ასევე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - vet.emis.ge

რატომ უნდა დავრეგისტრირდე რამდენიმე პროგრამაზე?

პროფესიულ პროგრამებზე შექმნილი კონკურსის გამო შესაძლებელია ერთ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში აპლიკანტი ვერ ჩაირიცხოს მისთვის სასურველ პროგრამაზე. რამდენიმე არჩევანის (მაქსიმუმ სამი პროგრამა) გაკეთების შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია საკუთარი შედეგების შესაბამისად არჩევანი გააკეთოს და ჩაირიცხოს წინასწარ მონიშნული პროგრამებიდან ერთ-ერთზე.

როგორ მოვხვდე პროფესიულ პროგრამაზე?

 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო დაფინანსებით ჩარიცხვის მიზნით, საჭიროა რეგისტრაცია და პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ქვემოთ მოცემული  ეტაპის/ების  გავლა:

  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება;
  • დამსაქმებლის მიერ ორგანიზებული კონკურსი (სამუშაოზე დაფუძნებულ/დუალურ პროგრამებზე სწავლის უფლების მოპოვებისთვის);
  • მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი/შერჩევა;

გასათვალისწინებელია, რომ აპლიკანტს უფლება აქვს ჩააბაროს არჩეული პროგრამების შესაბამისი ყველა გამოცდა და საბოლოო არჩევანი გააკეთოს მისთვის სასურველ პროგრამაზე. საბოლოო არჩევანის გაკეთების ვადები განსაზღვრულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, არის სავალდებულო და აპლიკანტი მისი სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) მონიშვნის გარეშე ვერ მოიპოვებს სწავლის უფლებას. გარდა ამისა, დადგენილ ვადებში აუცილებელია აპლიკანტის მიერ არჩეულ დაწესებულებაში საბუთების წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება სტუდენტის სტატუსის მოპოვების მიზნით.  

იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტების ჩარიცხვის შემდეგ დაწესებულებებს დარჩათ ვაკანტური ადგილები, მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) ასახული ინფორმაცია ვაკანტური ადგილების თაობაზე ხელმისაწვდომი გახდება იმ პირებისთვის, ვინც ვერ მოიპოვა სწავლის უფლება.

ასეთ აპლიკანტებს მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, შესაძლებლობა ეძლევათ სარეგისტრაციო სისტემაში (vet.emis.ge) ასახულ ვაკანტურ ადგილებზე, პირველად არჩეული პროგრამების ფარგლებში, ხელახლა გააკეთონ არჩევანი გამოთავისუფლებული ადგილების არსებობის შემთხვევაში და დადგენილ ვადებში არჩეულ დაწესებულებაში წარადგინონ საბუთები სტუდენტის სტატუსის მოპოვების მიზნით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად რეგისტრირდებიან, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმით, რაც გულისხმობს სპეციალისტების მიერ მათი უნარების პროფესიულ პროგრამასთან შესაბამისობის შეფასებას.

სად შეიძლება ვიხილოთ ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები?

აპლიკანტებს საშუალება აქვთ ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები იხილონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/news  

ქართული ენის გარდა, ბარდება თუ არა პროფესიული ტესტირება სხვა ენაზე?

პროფესიული ტესტირების ჩაბარება შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. უცხო ენაზე პროფესიული ტესტირების ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტი ისწავლის ქართული ენის მოდულს, შემდგომ კი სწავლას გააგრძელებს სასურველ პროფესიულ პროგრამაზე.

ვის შეუძლია ქულის შენახვა?

ყველა პირს, რომელმაც ჩააბარა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება და ვერ მოიპოვა სწავლის უფლება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, მხოლოდ ერთხელ, შემდგომი მიღების ფარგლებში ეძლევა საშუალება გამოიყენოს წინა ტესტირების დროს მიღებული ქულა. აღსანიშნავია, რომ ასეთ აპლიკანტებს ასევე, უფლება აქვთ განმეორებით გავიდნენ ტესტირებაზე და გააუმჯობესონ წინა ტესტირებაზე მიღებული შედეგები. ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება მხოლოდ განმეორებითი ტესტირების დროს მიღებული შეფასებები, მაშინაც კი, თუ ისინი პირვანდელზე დაბალია.

როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?

ვაუჩერული დაფინანსების მოპოვება ხორციელდება იმ პირებზე, რომლებმაც:

  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების დროს გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25% მეტი);
  • წარმატებით გაიარეს დუალურ/სამუშაოზე დაფუძნებულ პროგრამებზე დამსაქმებლის მიერ ორგანიზებული კონკურსი;
  • წარმატებით გაიარეს დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა კონკურსი/შერჩევა;
  • ალტერნატიული ტესტირების საფუძველზე ჩარიცხული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები.

სახელმწიფო დაფინანსება ვრცელდება სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ან კერძო იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში, მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული დარგების ფარგლებში.

2020 წლის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ ბრძანება იხილეთ ბმულზე

სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გარდა თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა.