განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლას ეწვია, ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ძველი სტატუსი დაუბრუნა და საჩუქრად 10 კომპიუტერი გადასცა.
დიმიტრი შაშკინი №41 სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა.
ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა როგორც ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონი და მთელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ემსახურებოდა. სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებითა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სტატისტიკით ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მოსწავლეები განსაკუთრებით წარმატებულები არიან ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში. 2009 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამოვლენილ 30 საუკეთესო სკოლებს შორის 41-ე სკოლამ მე-2 ადგილი დაიკავა. 2010 წელს ოლიმპიადაში 41-ე სკოლის 1100 მოსწავლე მონაწილეობდა.
ქუთაისის №41 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში 2008 წელს განხორციელდა, რაზეც 1 500 000 ლარამდე დაიხარჯა.