ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოში პირველი, გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნა.
15.04.2017

VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში, კერძოდ:

  • სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში;
  • კვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში;
  • მოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.

ლაბორატორია ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა მონაცემები დიდი მასშტაბისა და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე გადაიტანონ.

ლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესშიც გამოიყენებს.

ლაბორატორიის აღჭურვილობა (ვირტუალური/გაფართოებული რეალობის მოწყობილობები, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები, თავზე დასამაგრებელი მონიტორები) იძლევა შესაძლებლობას, შეგრძნებების დონეზე, მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე, მაგალითად: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დააპროექტო შენობები; გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები.