ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტი
11.05.2017

ქართულ-ესტონური საგანმანათლებლო პროექტის - "ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება საქართველოს ბავშვებისთვის“ განხორციელებაში   ჩართულია ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს ფონდი „ინოვე“, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდი. პროექტს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მხარდაჭერა დაწყებით საფეხურზე (I-IV კლასები), რომელიც განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მეშვეობით.

პილოტირებისთვის შეირჩა თბილისის და რეგიონის 5 საპილოტე და 10 ქსელის სკოლა.

პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა საპილოტე და ქსელის სკოლების დირექტორებთან. ისინი დეტალურად გაეცნენ ესტონურ პროექტს და მის სამოქმედო გეგმას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • სკოლის მენეჯერების გადამზადება;
  • დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;
  • შერჩეული სკოლების საჭიროებების კვლევა და მათთვის რეკომენდაციების მომზადება;
  • საპილოტე და ქსელის სკოლებთან პერმანენტული კომუნიკაცია ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვის, შესაბამისი სასწავლო რესურსების მომზადების და შემდგომ - მონიტორინგის კუთხით.

ამავე პროექტის ფარგლებში 13-17 მაისს დაგეგმილია 15-ვე სკოლის დირექტორის სასწავლო ვიზიტი ესტონეთში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მასტერკლასები, მოინახულებენ ტალინის სკოლებს, ადგილზე გაეცნობიან სკოლის მართვისა და სასწავლო პროცესის დაგეგმვის პრინციპებს და დაგეგმავენ მათთან შემდგომი თანამშრომლობის გზებს.