საზოგადოებრივმა დარბაზმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
11.04.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს  მოსწავლეების შეფასების    არსებული  სისტემა გააცნეს  და  მისი  დახვეწის და განვითარების  შესაძლებლობებზე  იმსჯელეს. სამინისტროს ამოცანაა, რომ მოსწავლეების შეფასება იყოს  გამჭვირვალე და ობიექტური. სწორედ, ამიტომ საზოგადოებრივი დარბაზის თანამონაწილეობა და მათი შეხედულებების  გაზიარება ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მოსწავლეთა შეფასების ათ-ქულიანი სისტემა გულისხმობს მოსწავლის ნიშნის გამოყვანას საგნის შესწავლის სხვადასხვა კომპონენტების მიხედვით. სავალდებულო კომპონენტებს ადგენს სკოლა კათედრების მეშვეობით, ხოლო არჩევითი კომპონენტები დგინდება მასწავლებლისა და  მოსწავლეეების ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. 

ასევე შეხვედრაზე საზოგადოებრივი დარბაზის წევრები დეტალურად გაეცნენ სახელმძღვანელოების შეფასების ახალ წესებს. როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის  მინიჭების  ახალი წესი შეიმუშავა. ამ კუთხით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავდა გრიფის მინიჭების პროცედურის ახალი მიდგომები და პრინციპები, რომელთა მიხედვითაც  უნდა აღმოიფხვრას   გრიფის მინიჭების პროცესში არსებული ხარვეზები, რის შედეგადაც სკოლები და მოსწავლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ხარისხიანი სახელმძღვანელოებით.

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში აქცენტები გაკეთდა საკონკურსო პროცედურებზე, სახელმძღვანელოების შეფასების ახალ კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.