დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გადამზადდა.
პროექტი დაეხმარა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერების კუთხით.
საქართველოში, დაწყებით საფეხურზე სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის, მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნის ხელშეწყობისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა დამატებითი სასწავლო მრავალფეროვანი რესურსები მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის. არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა მეთოდური დაა სასწავლო რესურსები მიიღეს მშობლიურ ენაზე. სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელის მეშვეობით მასწავლებლებმა მიიღეს უწყვეტი მხარდაჭერა ინოვაციური გაკვეთილების დასანერგად.
G-PriEd-მა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ბაზაზე შექმნა რესურსების ინტერნეტ პორტალი www.kargiskola.ge, სადაც განთავსებულია პროექტის მაღალი ხარისხის სატრენინგო პროგრამები, სასწავლო ელ-რესურსები, ვიდეომასალა, საკლასო დიაგნოსტიკური შეფასების ტესტების გენერირების ონლაინ პროგრამა, გაკვეთილის სამოდელო გეგმები, კომპიუტერული მათემატიკური თამაშები და წერის უნარების განვითარების აპლიკაცია. პორტალის დახმარებით, მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისა და მშობლებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო და დამხმარე მასალა, რომელიც პროექტმა შეიმუშავა სამინისტროსთან ერთად სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში, მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლების სახალისო და საინტერესო აქტივობებში. პროექტის რეკომენდაციები დაეხმარა მასწავლებლებს გაეუმჯობესებინათ მშობლებთან კომუნიკაცია.