საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ დაასრულა მუშაობა სახელმწიფო ენის სწავლების B1+ დონის ორ ახალ სახელმძღვანელოზე, რომელიც წარმოადგენს „მენეჯმენტის" და „ფინანსები და შესყიდვების" დარგობრივი ლექსიკით გამდიდრებულ ქართული ენის სახელმძღვანელოებს.
სახელმძღვანელოების აპრობაციის პროცესში ჩართულნი იყვნენ მსმენელები საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებიდან: ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა და მარნეული. მსმენელთა ნაწილი დასაქმებულია მენეჯმენტის, ფინანსებისა და შესყიდვების სფეროში და პროგრამის წარმატებით დასრულება უდავოდ შეუწყობს ხელს მათ შემდგომ კარიერულ წინსვლაში. პროგრამის მსმენელები ასევე იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეები, რომელთაც სურვილი აქვთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელონ. პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ 1+4 ფორმატის საბაკალავრო პროგრამის წარმატებით ათვისებაში.