საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ კომპანიის „ხელოსნების ქალაქი“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც დუალური განათლების პილოტირება „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების სპეციალობების“ მიმართულებით განხორციელდება.
ცენტრის დაარსება კოლეჯსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, კადრების გადამზადებასა და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. ამავე მემორანდუმის საფუძველზე, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, კომპანიაში „ხელოსნების ქალაქი“ წარმატებით განხორციელდა „სპექტრის“ სტუდენტთა გადამზადება პროგრამის „ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი (დურგალი)“ მიმართულებით.
დუალური განათლება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, იგი ემსახურება შრომის ბაზრით განსაზღვრული უნარების გაძლიერებას, შესაფერისი კადრების მოძიების პროცესის გამარტივებას, არასაკმარისი ადამიანური კაპიტალის შემცირებას, კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრის მიწოდებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
დუალური განათლება, როგორც სტუდენტზე მორგებული განათლება, ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სტუდენტების მიერ თავის მომავალი პროფესიის გაცნობის შესაძლებლობას, ჩართულობას პროგრამის დაწყებიდანვე მთელ საწარმოო ციკლში, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განმტკიცებას და მაღალი კონკურენტუნარიანობას შრომის ღია ბაზარზე.