კონკურსის ”ქართული კალიგრაფია” გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ
14.04.2010
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის საპრიზო ადგილებსა და ნომინაციებში გასული კონკურსანტები გამოვლინდნენ. ყველა ფინალისტს გადაეცა სიგელი და სიმბოლური საჩუქარი. გამარჯვებულ მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადიგლემ აკაკი სეფერთელაძემ დიპლომები და პორტატული კომპიუტერები გადასცა.

კონკურსი ”ქართული კალიგრაფია” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაციის ”წამის” ორგანიზებით ჩატარდა.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

ნომინაციებში გამარჯვებულ კონკურსის მონაწილეებს სპეციალური პრიზები გადასცეს საპატრიარქომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სამხატვრო აკადემიამ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა, გამომცემლობებმა და სხვა ორგანიზაციებმა.

მონაწილეთა ნამუშევრების შეფასება უზრუნველყო კვალიფიციურმა ჟიურიმ.

კონკურსში მონაწილეობდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების V-XII კლასის მოსწავლეები, პროექტში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულები უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც.

დედა ენის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.