ტექნოპარკში მოსწავლეთა პროგრამირების (კოდინგის) სასკოლო კლუბების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნილი პროექტები - code.org პლათფორმაზე აწყობილი კომპიუტერული თამაშები წარმოადგინეს. კონფერენციაზე მოსწავლეების ნამუშევრებს გაეცნენ და მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ, Microsoft საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ და Educare Georgia-ს დირექტორმა გიორგი ჯიბლაძემ.
მოსწავლეებს ასევე, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს „სტარტაპ საქართველოს“ ბენეფიციარმა კომპანიებმა WiFisher და GRID.GE, ხოლო ტექნოპარკის თანამშრომლებმა ბავშვებს საინტერესო ტური მოუწყვეს.
პროგრამირების გაკვეთილები სკოლებში, 2017 წლის თებერვლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებული „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის ფარგლებში დაიწყო. პირველ ეტაპზე, პროექტში საქართველოს მასშტაბით 11 საჯარო სკოლა ჩაერთო. ამ სკოლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, Microsoft Georgia-ს და Educare Georgia-ს პარტნიორობით, კოდინგის სასკოლო კლუბები შეიქმნა, სადაც მოსწავლეებმა პროგრამირების საფუძვლების შესწავლა თამაშების და სახალისო აპლიკაციების აწყობის გზით დაიწყეს. გაკვეთილები დატვირთული იყო კომპიუტერული აქტივობებით და რეალურ ცხოვრებაში გადმოტანილი პროგრამირების ელემენტებით. პროგრამის დასასრულს მოსწავლეებმა ააწყეს ინდივიდუალური თამაშები და აპლიკაციები. მომავალი სასწავლო წლიდან იგეგმება პროგრამის გაფართოება.
კომპიუტერული პროგრამირება და კომპიუტერული მეცნიერებები დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა მსოფლიოში და მოთხოვნა საგრძნობლად აჭარბებს მიწოდებას. ევროპაში უკვე 15- ქვეყანა ნერგავს პროგრამირებას და კომპიუტერულ მეცნიერებებს სკოლის ძირითად კურიკულუმში. პროგრამირება არ არის მხოლოდ უნარი იმ ადამიანებისთვის რომლებსაც სურთ ტექნოლოგიების სექტორში მუშაობა, არამედ იმისათვის, რომ მოსწავლემ განივითაროს ლოგიკური აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარები.