ქობულეთის პროფესიული კოლეჯი „ახალი ტალღა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობენ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიულმა სასწავლებელმა „ახალმა ტალღამ“ მოამზადა 90-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით. კურსის დასრულებისთანავე გადამზადებული პირების 47% დასაქმდა.
კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს უფროსს თეიმურაზ კახიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ის საუკეთესო გამოცდილება განიხილეს, რომელიც კოლეჯსა და სააგენტოს შორის ჩამოყალიბდა, ასევე დასახეს თანამშრომლობის ახალი გეგმები, რათა უფრო მეტი სამუშაოს მაძიებელი ჩაერთოს მომზადება-გადამზადების პროგრამებში და მიიღოს დასაქმებისთვის საჭირო ცოდნა.