საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა ბექა მალაშხიამ (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და მიხეილ ტაბატაძემ (აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი) გერმანიაში, ბავშვთა კვების მწარმოებელ კომპანიაში „HIPP“ ერთთვიანი საწარმოო პრაქტიკა წარმატებით დაასრულეს. პრაქტიკა „HIPP“ კომპანიის მთავარ ქარხანაში (ქ. ფაფენჰოფენი) მიმდინარეობდა.
ბექა მალაშხია მუშაობდა მულტი-მეთოდების, ერთეული მეთოდების და თხევად-ფაზური ქიმიის სფეროებში, სადაც გეგმიურ ამოცანებს ასრულებდა; ამზადებდა და ამუშავებდა ნიმუშებს ატომური ადსორბციული სპექტროსკოპიისთვის, ექსპრეს-მეთოდებისთვის, მიკოტოქსინების, იმიდაკლოპრიდის, საერთო მჟავიანობის, მშრალი მასალებისა და სიბლანტის განსაზღვრის მიზნით.
მიხეილ ტაბატაძე სტაჟირებას გადიოდა სოფლის მეურნეობის მართვის დეპარტამენტში, სადაც ასრულებდა გეგმიურ სამუშაოებს. ამასთან, ტაბატაძე კომპანიის ლაბორატორიაში მულტი-მეთოდების და თხევად-ფაზური ქიმიის სფეროებში მუშაობდა. საწარმოო პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.