წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №23 საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის ბიბლიოთეკას სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად ქართველ კლასიკოსთა საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა. კოკა სეფერთელაძე 23-ე სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდა, დაინტერესდა, რომელი ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობენ და რომელი ავტორები მოსწონთ. მინისტრის მოადგილე მოსწავლეებს წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ბიბლიოთეკების სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით შევსებას.
სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა ერთ-ერთია იმ პრიორიტეტებს შორის, რომელზედაც პრეზიდენტმა ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე ისაუბრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო მაქსიმალურად ზრუნავს ბავშვების სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაზეც. თუ საქართველოს მთავრობა ყველა პირველკლასელს წიგნებით ასაჩუქრებდა, ამჟამად რვა მილიონი ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველი ყველა კლასის მოსწავლე იყოს სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, სასკოლო ბიბლიოთეკები მეორადი გამოყენების სახელმძღვანელოებით აღიჭურვება და მათი გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს ექნება.