დაიცავი მომავალი თაობა - მანდატურთა კანდიდატების რეგისტრაცია იწყება
24.04.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის საჯარო სკოლებისთვის მანდატურების შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 20-დან 45 წლამდე დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ. კონკურსის თაობაზე განცხადება დიმიტრი შაშკინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მანდატურებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან შეხვედრაზე გააკეთა და ამ თემაზე მომზადებული საინფორმაციო კლიპის  პრეზენტაციას დაესწრო.

თბილისის შვიდ საპილოტე  სკოლაში მანდატურები ერთი კვირის წინ შევიდნენ და უკვე შეიძლება ითქვას პროექტი შედგა. ბავშვები დახმარებისთვის მანდატურებს ხშირად მიმართავენ, მანდატურებიც მათ აქტიურად ეხმაურებიან. ამის კარგი მაგალითია მე-11 საჯარო სკოლაში მომხდარი ინცინდენტი - მე-11 კლასელმა  მარიამ თეთრაძემ მანდატურის დახმარებით დაკარგული მობილური ტელეფონი დაიბრუნა. ამ მოსწავლეს მინისტრი პირადად შეხვდა.

დიმიტრი შაშკინმა საპილოტე სკოლებში მანდატურთა საქმიანობის პირველ შედეგებზე ინფორმაცია შსს აკადემიაში შეკრებილი მოსწავლეებიდან, მათი მშობლებიდან და მასწავლებლებიდანაც მოისმინა, როგორც მათ აღნიშნეს მანდატურებთან დამოკიდებულება ძალზე პოზიტიურია და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

მანდატურების მსურველთა კანდიდატთა რეგისტრაცია ხორციელდება სამინისტროს მიერ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შესვლის მიზნით.