ეროვნული შეფასება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
26.04.2010
საქართველოს საჯარო სკოლებში  ეროვნული შეფასება ჩატარდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რა ცოდნა და უნარები აქვთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში მეცხრე კლასელ მოსწავლეებს.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე  სამინისტროში მოწვეულ პედაგოგებთან და ექსპერტებთან ერთად ეროვნული შეფასების შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით  5 000-ზე მეტ მე-9 კლასელ მოსწავლეს ჩაუტარდა.

ეროვნული შეფასება არის ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის მიზანია ქვეყანაში ზოგადი განათლების ხარისხის შეფასება. კვლევის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის დასახვეწად; ქვეყანაში მოსწავლეთა პროგრესის შესაფასებლად;  რეკომენდაციების მოსამზადებლად როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექტორებისთვის, მშობლებისთვის; სახელმძღვანელოების ავტორებისთვის; პოლიტიკოსებისა და გადაწყვეტილების მიმღებთათვის; განათლების ექსპერტებისთვის.

ეროვნული შეფასებისას გამოიყენება ტესტი, რომლის საფუძველზე ხდება ტესტირებაში მონაწილე ყველა მოსწავლის შედეგების განსაზღვრა და რაც მთავარია, დასკვნების გაკეთება ტესტირების საგანში ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. 

ეროვნული შეფასების პროცესში მოსწავლეებთან ერთად ჩართულები არიან საგნის მასწავლებლები, სკოლის დირექტორები.

ეროვნულ შეფასებაში მონაწილეობა მიიღო 5 385-მა  მე-9 კლასის მოსწავლემ 231 საჯარო სკოლიდან, ამ სკოლების დირექტორებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა.

ეროვნული შეფასების შედეგების ანალიზში მონაწილეობდნენ როგორც ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტები, ასევე 61 მოწვეული დარგის ექსპერტი.

მონაცემთა ფსიქომეტრული ანალიზის შედეგების მიხედვით, მოსწავლეთა 16%-ზე მეტმა მიღწევის მაღალი დონე აჩვენა, რაც საერთაშორისო სტანდარტით კარგი მაჩვენებელია. რეგიონებს შორის საუკეთესო შედეგები აქვთ მოსწავლეებს თბილისში, კახეთსა და იმერეთში. მე-9 კლასის მოსწავლეთა შედეგები გაცილებით უკეთესია დიდ ქალაქებში, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.  ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა შემდეგი ქალაქები: ქუთაისი, თბილისი, თელავი, რუსთავი.