პროექტ ,,ალუმნაის’’ პირველი შედეგები
27.04.2010
პრეზიდენტის  ინიცირებული პროექტის ”წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ს” პირველი შედეგები  უკვე ცნობილია. მათ  შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა   თბილისის №1 საჯარო სკოლაში პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და ,,ალუმნაი’’ კლუბის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ”ALUMNI-ს” პროექტს ქვეყნის მასშტაბით ბევრი კურსდამთავრებული გამოეხმაურა, მათ მიერ მშობლიური სკოლებისადმი გაწეული მხარდაჭერის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი შედგა.

პირველი სკოლის კურსდამთავრებულები ერთ-ერთი პირველები გამოეხმაურნენ პრეზიდენტის  ინიციატივას. მოწვეულ სტუმრებს დირექტორმა ლელა წიქარიშვილმა ის აქტივობები გააცნო, რომელიც  კურსდამთავრებულთა შემოწირულობებით განხორციელდა - ”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში, თანხის ნაწილით პირველი სკოლის შენობაში 20-მდე ვიდეოთვალი დამონტაჟდა, იგეგმება ინტერაქტიული დაფის, ვიდეოკამერისა და სხვა სკოლისათვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა. ასევე პროექტ ,,ალუმნაის’’ ფარგლებში   შესაძლებელი გახდა ღვაწლმოსილ პედაგოგთა დამსახურების წარმოჩენა და სათანადო დაფასება, მოწვეულ 20-მდე პედაგოგს ფულადი ჯილდოები  გადაეცათ.

პირველი სკოლის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას უემოციოდ არ ჩაუვლია, კურსდამთავრებულებმა, რომელთა შორისაც თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე იყვნენ სკოლასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მომენტები გაიხსენეს და თავიანთი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს მასწავლებელთა და განსაკუთრებით სკოლის ყოფილი დირექტორის ქალბატონი ლიანა შეწირულის მიმართ.

ქალბატონ ლიანას ღვაწლსა და გამოცდილებაზე დიმიტრი შაშკინმაც ისაუბრა და ყოფილ დირექტორს სამინისტროში არსებულ მრჩეველთა საბჭოს წევრობა შესთავაზა.

ამავე დღეს გადაწყდა, რომ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა კლუბი ,,პირველსკოლელი’’ დაფუძნდება, მომავალი კლუბის წევრების განცხადებით, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ სკოლასთან და მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში.