პროექტ ,,ალუმნაის’’ შედეგების გამოქვეყნება გრძელდება
28.04.2010
პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ,,წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბის - ALUMNI-ის’’ შედეგების გამოქვეყნება გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა  თელავის №1 საჯარო სკოლას ეწვივნენ  და ,,ALUMNI-ის’’ შედეგები გააჟღერეს. ისინი ასევე მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ.

სკოლის დირექტორმა სვიმონ ოხანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კურსდამთავრებულთა ფინანსური მხარდაჭერით სკოლის მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო - შემოწირული თანხით შესაძლებელი გახდა რამდენიმე წარმატებული და ღვაწლმოსილი პედაგოგის ფულადი ჯილდოებით წახალისება, ნაწილი თანხა გაიხარჯება უცხო ენის კაბინეტის მოწყობასა  და მისი თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით აღჭურვაში. ,,ALUMNI” ფონდის შევსება გრძელდება და როგორც სკოლის ხელმძღვანელმა განაცხადა სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, შემოწირული თანხა მომავალშიც სკოლის განვითარებას მოხმარდება.

თელავის №1 საჯარო სკოლა 250 წლისაა, მას სრული რეაბილიტაცია პროექტ ”იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში 2006-2007 წლებში ჩაუტარდა, დღეს აქ 900-მდე მოსწავლე სწავლობს და 90 პედაგოგი მოღვაწეობს. სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპადებსა და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 6 ოქროს და 9 ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს.