საერთაშორისო მხარდაჭერა განათლების სისტემას
30.04.2010
საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენელები ჩვენი ქვეყნის განათლების  სფეროში მიმდინარე რეფორმას, ასევე, 2010-2011 წლების ახალ ინიციატივებსა და გამოწვევებს  გაეცნენ.  სამუშაო შეხვედრა  მთელი დღის განმავლობაში ბაზალეთის კომპლექსზე მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების თაობაზე  დიპლომატიური კორპუსისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და მათი  მხარდაჭერის მოპოვებას.

მოწვეულთა  შორის იყვნენ ორგანიზაციები, რომელთანაც სამინისტრო წლების მანძილზე ნაყოფიერად თანამშრომლობს და ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს, ეს ორგანიზაციებია: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID),     ამერიკული საბჭოები (American Councils), ”მშვიდობის კორპუსი” (Peace Corps), გაეროს ბავშვთა ფონდი, გერმანიისა და ესტონეთის საელჩოები, ევრაზიის ფონდი. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა განათლების სფეროში საქმიანობის ამსახველი მოკლე პრეზენტაცია.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის ელჩი, პოლონეთის ელჩის მოადგილე, მსოფლიო ბანკის,  ბრიტანეთის საბჭოსა  და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განათლების რეფორმის ახალი ფაზა  განათლების პოლიტიკისა და კანონმდებლობის დახვეწას, ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას განათლების ყველა საფეხურზე (სკოლამდელი, საშუალო და უმაღლესი), კვალიფიციური კადრების მომზადებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ  რეფორმის პროცესის მიმდინარეობაზე ფართო საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული, სამინისტრო  რეგულარულად მართავს ანალოგიურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეობას ღებულობს განათლების სისტემაში ჩართული ყველა დაინტერესებული პირი.