სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხელშეწყობის მიზნით, სსსმ მოსწავლეთა მშობლებთან და მათ მიერ შექმნილ ორგანიზაციებთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მშობელთა მიერ დანახული ინკუზიური განათლების ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილეს და სკოლებში არსებულ პრობლემებზე და წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. ასევე მოისმინეს და გაიზიარეს მშობლების ინიციატივები და შენიშვნები.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით ჩატარდა, რომლის ფარგლებში აქტიურად იმართება შეხვედრები მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან. შეხვედრები ცხადყოფს თუ რა დიდი როლი ენიჭება მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის სწორ, კონსტრუქციულ და გუნდურ მუშაობას თითოეული მოსწავლის განვითარებაში.