პროექტ ,,ალუმნაის’’ ფარგლებში ქველმოქმედება გრძელდება
04.05.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე  თბილისის 52-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც პრეზიდენტის  ინიცირებული პროექტის  ”ALUMNI-ს”  ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის თეიმურაზ იობიძის ფინანსური მხარდაჭერით ერთ-ერთი საკლასო ოთახი გარემონტდა და სათანადო ინვენტარით აღიჭურვა. ”მაქვს შესაძლებლობა ჩემს სკოლას დავეხმარო, რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს. მინდა ამ სახით  გამოვხატო მადლიერება სკოლის მიმართ, რომელშიც თერთმეტი წელი გავატარე” - განაცხადა  თეიმურაზ იობიძემ.

”წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბ ALUMNI-ს” პროექტის ჩამოყალიბება და განვითარება განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაიწყო.   ახალ ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გამოეხმაურა, პროექტმა მათ საშუალება მისცა საკუთარი წვლილი შეეტანათ მშობლიური სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში.