მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოთხი წელია თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადების მიზნით.  2014 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი. ქვეყნის მასშტაბით 2582-მა მსჯავრდებულმა (პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის, თავისუფლებაშეზღუდული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებული და პირობითი მსჯავრდებულთა) ოთხი წლის განმავლობაში, 41 მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე გაიარა მომზადება.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყო:

  • შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა და მათი მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება, რომელიც ითვალისწინებდა:
  • ა) პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ  მსჯავრდებულთათვის საჭირო გარემოს შექმნას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, სასწავლო მასალების/ინვენტარის შეძენას, ასევე მასწავლებლების შრომის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული ხარჯის ანაზღაურებას, პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სხვა ხარჯების  ანაზღაურებას;
  • ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდული მსჯავრდებულებისათვის მასწავლებლების შრომის ანაზღაურებას, ადმინისტრაციული ხარჯის, პროფესიული მომზადების დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სხვა ხარჯების ანაზღაურებას.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად უზრუნველყო:

  • მსჯავრდებულებისათვის სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალისა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მსურველ მსჯავრდებულთა სიების მიწოდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის;
  • პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე შესაბამისის სასწავლო ფართის, ინვენტარის გამოყოფა და ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნა. ასევე პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო გარემოს შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობა, სასწავლო მასალებისა და ინვენტარის შეძენა.

მსჯავრდებულების მხრიდან პროფესიულ განათლებაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე 2018 წლის 21 მარტს, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც გაგრძელდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების (ტრეინინგ-კურსი, მოდული) ხელმისაწვდომობა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების, პირობით ვადამდე გათავისუფლებულებისა და პირობითი მსჯავრდებულების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის.

მსჯავრდებულებს და სხვა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში განსახორციელებელი პროფესიული პროგრამების შესახებ, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მეშვეობით.