საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა აკადემიკოსმა ლევან ალექსიძემ მრჩეველთა საბჭოს სრული ათწევრიანი შემადგენლობა საზოგადოებას საბჭოს პირველ სხდომაზე წარუდგინეს.
მრჩეველთა საბჭო საზოგადოებისთვის ცნობილი და ღვაწლმოსილი პიროვნებებისგან დაკომპლექტდა. აკადემიკოსები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები ამიერიდან განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან.
მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე რეფორმების მიმდინარეობაზე, ცვლილებებზე ეროვნულ სასწავლო გეგმაში, მასწავლებელთა სერტიფიცირებასა და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. საბჭოს წევრების მოსაზრებით, სამინისტროს გახსნილობა და პროცესში გამოცდილი ადამიანების ჩართულობა რეფორმების წარმატებით განხორციელების საწინდარია.
აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე, პროფესორი თედო ნინიძე, პროფესორი ანზორ ხელაშვილი, დამსახურებული პედაგოგები ლიანა შეწირული, ლია ჭანკვეტაძე, მზია ხიტირი და თინათინ ჯიშიაშვილი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და ექიმი-პედიატრი ნუგზარ უბერი, სადაზღვევო ჯგუფის ,,არქიმედეს გლობალ ჯორჯიას’’ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და განათლების მინისტრს წარუდგენენ.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, რეფორმების მიმდინარეობის პროცესში აუცილებელია საზოგადოების აქტიური ჩართულობა, ასევე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას ღვაწლმოსილი, დამსახურებული და პროფესიონალი ადამიანების გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება. ,,მე მოხარული ვარ, რომ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა სწორედ ასეთი პიროვნებებისგან არის დაკომპლექტებული’’- აღნიშნა მინისტრმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილი მრჩეველთა საბჭო სისტემატურად შეიკრიბება, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს.