პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრები გრძელდება. ამჯერად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების 500-მდე პედაგოგს შეხვდნენ. მინისტრმა სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ თითქმის ყველა სიახლეზე ისაუბრა და მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გასცა მასწავლებელთა შეკითხვებს. პედაგოგები ინტერესდებოდნენ ისეთი თემებით, როგორიცაა - ცვლილებები სასწავლო გეგმებში, ახალი საგნების დამატება, ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და 2010-2011 წლების სხვა სიახლეები. კითხვების ძირითადი ნაწილი მაინც პედაგოგთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებას, 2011 წლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდების პროცედურებს ეხებოდა.
როგორც დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. სამინისტროს წარმომადგენლები მაქსიმალურად ითვალისწინებენ პედაგოგების მოსაზრებებს, მათთან ერთად აფასებენ რეფორმის მიმდინარეობას და სიახლეების დანერგვის ახალ გზებს მასწავლებლებთან კონსულტაციების შედეგად განიხილავენ, ეხმარებიან სკოლებს არსებული პრობლემების მოგვარებაში.
პედაგოგებთან ანალოგიური შეხვედრები მომავალშიც სისტემატიურად გაიმართება.