მასწავლებლეთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა დაიწყო
16.05.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე  მასწავლელბელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვა მოხდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშივლი  და ცენტრის თანამშრომლები.

სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.

მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის პროფესიული ქცევის წესებს, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი და რომელთა დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მასწავლებლების და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება. ეთიკის კოდექსის მიზანია დაეხმაროს მასწავლებელს ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში.

მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი საქართველოში სიახლეა, თუმცა არ არსებობს დასავლეთის განვითარებული ქვეყანა, სადაც პროფესიული ეთიკის კოდექსი არ არსებობდეს ან უნივერსიტეტებში არ ისწავლებოდეს მომავალი მასწავლებლებისათვის პედაგოგიური ეთიკა.

მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან და იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს  ანალოგიური  სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან და საზოგადოების წევრებთნ მომავალშიც  მოეწყობა.  მათი შენიშვნები და შეხედულებები ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.