კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად
08.11.2018

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:

ა) საბჭოს დასახელება - საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო;

ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა:

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრების რაოდენობა - 16

აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი) – 12;

დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 1;

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის/შესაბამისი საბჭოს სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.

 

საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია სტუდენტის კვოტით (როგორც მუდმივი, ასევე მოწვეული წევრის სტატუსით) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;

ბ) მაღალი აკადემიური მოსწრება;

გ) სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების რაოდენობა - 16

აქედან: სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული დატვირთვის მქონე აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან);

პრაქტიკული გამოცდილების მქონე მოქმედი ექიმები, რომლებიც დასაქმებული არიან საავადმყოფოებში - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს პროფესიული ასოციაციიდან ან/და სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებიდან (საავადმყოფო));

დაინტერესებული მხარეების, იმ სამთავრობო მარეგულირებელი დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებიც სახელმწიფოში არეგულირებენ სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის საკითხებს - 5 (კანდიდატის წარდგენა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული მხარეების/მარეგულირებელი დაწესებულებების მიერ).

სტუდენტი მედიცინის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან - 1.

საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა მოწვეული წევრებისა.

 

გ) საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით“;

დ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;

ე) საბჭოს მუდმივი წევრობის კანდიდატი, ასევე, სტუდენტი მოწვეული წევრის სტატუსით, შესაძლებელია წარადგინოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;

ვ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:

.           CV;

.           სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;

.           ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტის შემთხვევაში - ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ);

.           უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

.           აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატებისთვის).

ზ) შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.

 

განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.