საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ახალი მოდელის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც სამინისტრო ყოველკვირეულად, მუდმივ რეჟიმში საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
ახალი მოდელი მოიცავს როგორც სკოლამდელ და ზოგად განათლებას, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებას, ეროვნულ გამოცდებს, ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს სასწავლებლებში, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვას, პროფესიულ განათლებას, მეცნიერებას, განათლების კლასტერებს და ა.შ.
„ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს ჩვენი ბავშვების კრიტიკული აზროვნების განვითარებას მათ შორის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ამას ალტერნატივა არ გააჩნია. რაც შეიძლება მეტ ტექნოლოგიას შევიტანთ როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სკოლებში და ჩავრთავთ სასწავლო პროცესში“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.