მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის განხილვა გრძელდება
25.05.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით შექმნილმა საზოგადოებრივმა დარბაზმა სამინისტროს მიერ შემუშავებული მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი განიხილა. შენიშვნები და შეხედულებები, რომელიც დარბაზის წევრებმა შეხვედრაზე გამოთქვეს, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.

მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის პროფესიული ქცევის წესებს ადგენს, რაც მათ ეთიკურად გამართლებული ქმედებების წარმართვაში დაეხმარებათ. ამ კოდექსით, მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხის შეფასება მოხდება. კოდექსის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, ბავშვის კანონიერი წარმომადგენლების, თავად მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირების მიმართ მოეთხოვება.  

სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია, სკოლამ არა მარტო ხარისხიანი ცოდნა შესთავაზოს მოსწავლეს, არამედ სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.

მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებთან უკვე გაიმართა. იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური  შეხვედრები როგორც დარბაზის წევრებთან ასევე მრჩეველთა საბჭოსთან და საზოგადოების წევრებთან მომავალშიც  გაგრძელდება.