მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირი - ”სკოლბურთი” დაიწყო
28.05.2010

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე და  UEFA-ს ჰედტრიკის პროგრამების ხელმძღვანელი ჯოზეფ კლიმენტი ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლებს შორის  მიმდინარე საფეხბურთო ტურნირს  დაესწრნენ.

ტურნირი მოსწავლეთა შორის     საქართველოს მასშტაბით უკვე  მეოთხე წელია ტარდება. წელს  ”სკოლბურთი”  7 მაისს დაიწყო და სავარაუდოდ, 27 ივნისს ტრადიციულად ბათუმში დასრულდება. მასში საქართველოს მასშტაბით 73 რაიონის 1150 სკოლაა ჩართული. შესარჩევი ტურნირები 3 ეტაპად გაიმართება. მესამე დასკვნით ეტაპზე  16 გუნდი (თბილისის 5 და რეგიონების თითო) მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე  გაემგზავრება.

“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.

2009 წელს საქართველოს ჩემპიონმა წალენჯიხის რ-ნის სოფელ ლიას საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნეზე I ადგილი დაიკავა,   2008 წელს  აბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთის საერთაშორისო ტურნეზე III ადგილი დაიკავა,  2007 წელს ესპანეთში, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ”კოსტა ბრავას თასის” სახელობის ევროტურნირზე  II ადგილი მოიპოვა, ფეხბურთელი ცოტნე სამუშია კი ტურნირის ბომბარდირად აღიარეს.