ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე აღინიშნა. ამ მიზნით მეორე კორპუსის ფოიეში სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამები გამოიფინა, დარიგდა ბუკლეტები და ფლაერები. უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ სასწავლო დაწესებულებებში მსგავსი პრევენციული ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა და თამბაქოს კონტროლის ალიანსს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება შესთავაზა. ხოლო განათლების მინისტრის მოადგილის ირინე ქურდაძის განცხადებით, თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რეგულაციები საკმარისი არ არის. საჭიროა მსგავსი ღონისძიებების ფართოდ ჩატარება, განსაკუთრებით კი საჯარო სკოლებში.
ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის რეზო გაგუას ინფორმაციით, თუ აქამდე ათ მწეველ მამაკაცზე ერთი მწეველი ქალი მოდიოდა, დღეს მწეველ ქალთა რაოდენობა მწეველ მამაკაცთა რაოდენობას გაუთანაბრდა. ხოლო ონკოდაავადებებს შორის სიკვდილიანობის მხრივ ფილტვის კიბო პირველ ადგილზეა. მისივე თქმით, მეოცე საუკუნეში თამბაქოს წევით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 მილიონი ადამიანი იყო და თუ ტენდენცია ასე გაგრძელდა, ოცდამეერთე საუკუნეში სიკვდილიანობის დონე 1 მილიარდ ადამიანს მიაღწევს.
ღონისძიებაზე თამბაქოსაგან თავისუფალი რამდენიმე სკოლა დაჯილდოვდა. საპატიო სიგელები გადაეცათ იტალიური სკოლის "ცისკრის," სკოლა "სარკმლის", 136-ე, 158-ე, 64-ე და 26-ე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.